საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

16 აპრილი 2023, 00:15 891 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)
ქრისტე აღდგა! დგება ჟამი ახალი პასექისა!

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.

ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.

უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.

ამიტომაც, ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“

უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.

„სასუფეველი ცათა იძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), – გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს.

*****
როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა.

მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.

„მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29).

გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)
და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5).

წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც…

თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, – მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა.

ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.

თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის.

ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.

ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23).

ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.
მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.

*****
სამწუხაროდ, ადრეც და, მით უმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც.

რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.
მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: „მეცნიერების სასმისის

პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება“.

ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.
დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და – ისიც ნაწილობრივ.

მინდა, გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: „ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, – შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი… რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც „ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ.14.6), – ბრძანებს მაცხოვარი.

*****
ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.

თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.
მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.

სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“

*****
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.

„ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.

მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს.

ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა.

საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.

ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს

მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,

მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.

ქრისტე აღდგა!

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, აღდგომა ქრისტესი
2023 წ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში