ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს

17 აპრილი 2023, 10:13 986 ნახვა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში  61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.  მან 129, 133 და 136 კილოგრამი დაძლია, მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში შოთამ 155 და 162 კგ-იანი შტანგები დააფიქსირა, რითაც დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში 298 კგ დაუგროვდა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ამავე წონაში გამოდიოდა გოდერძი ბერდელიძე, რომელმაც ატაცში 122 კგ, ხოლო აკვრაში 147 და 153 კილოგრამი დააფიქსირა. ამგვარად, ორჭიდში 275 კგ დაუგროვდა, რაც მე-4 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.

55 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა რამინ შამილიშვილი, რომელმაც გარდა ამისა, ატაცსა და აკვრაში მცირე ოქროსა და ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში