ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს

17 აპრილი 2023, 20:24 713 ნახვა

ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. მან 129, 133 და 136 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში შოთამ 155 და 162 კგ-იანი შტანგები დააფიქსირა, რითაც დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში 298 კგ დაუგროვდა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამავე წონაში გამოდიოდა გოდერძი ბერდელიძე, რომელმაც ატაცში 122 კგ, ხოლო აკვრაში 147 და 153 კილოგრამი დააფიქსირა. ამგვარად, ორჭიდში 275 კგ დაუგროვდა, რაც მე-4 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. 55 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა რამინ შამილიშვილი, რომელმაც გარდა ამისა, ატაცსა და აკვრაში მცირე ოქროსა და ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში