პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა, რომელთაც ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა ახალ მიზიდულობის ცენტრებად წარმოაჩენს - ქარსელაძე

18 აპრილი 2023, 16:24 619 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. ახალი პროგრამა ხუთწლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.

პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

„პირველ ეტაპზე 11 მდებარეობა იქნა შერჩეული. წარმოდგენილია როგორც ქალაქები, ასევე კურორტები იმდაგვარი სახით, რომ შესაბამისი არეალური განვითარება მოხდეს, რაც მათ ახალ მიზიდულობის ცენტრებად წარმოაჩენს და შემდგომში კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას მისცემს. პროცესი გაგრძელდება, თუმცა ეს არის საწყისი ეტაპი. შესაბამისი არეალები, რომელზეც იყო მსჯელობა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ითვალისწინებს სწორედ იმ ძალიან საინტერესო მდებარეობებს, რომელიც ისტორიულად არსებობდა თითოეულ ამ ჩამოთვლილ ადგილას. მაგალითად, ბორჯომის შემთხვევაში ვსაუბრობთ ძველი ისტორიული ბორჯომის მდებარეობასა და ბორჯომის ცენტრალურ პარკზე. ძველი ისტორიული ქუთაისი არეალურად მოიცავს როგორც ძველ უბანს, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის განახლება, რაც ნამდვილად საინტერესო ატრაქციაა როგორც შინაარსობრივი, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. თელავში მოიაზრება ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია, თვითონ ბატონის ციხის კონცეფციის განვითარება და შემდგომში განხორციელება, ასევე შედის თელავის თეატრი, რომლის განახლება/რეკონსტრუქციაც მოხდება და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. სამუშაოები რამდენიმე ფაზად განხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებას და იერსახის განახლებას, რომლებიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ არეალებში გათვალისწინებულია შენობების, კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში – რესტავრაცია; მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კულტურული ობიექტების როგორც რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე მშენებლობა; ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეების, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ახალი ადგილების და ტურისტული ატრაქციების განვითარება; მოწესრიგდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საინჟინრო ქსელები – განათების, სარწყავი, სანიაღვრე სისტემების და კომუნიკაციების ჩათვლით; აქტიურად იქნება გამოყენებული ენერგოეფექტური გადაწყვეტები, დათბუნებების, კარ-ფანჯრის, სახურავებისა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების მოწყობის სახით. პროგრამის პირველივე ეტაპზე დამუშავდება კონკრეტული არეალების განვითარების კონცეფციები და ასევე დაიწყება პირველი ფაზის სამუშაოები. პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდი განახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში