იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური - პრემიერი

20 აპრილი 2023, 10:43 532 ნახვა

იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და ტოლერანტობის ცენტრი.

„გულითადად გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს და დიდ მადლობას მოგახსენებთ იფთარზე მობრძანებისთვის. მე განსაკუთრებული პატივისცემით მინდა, მივესალმო ჩემს მეგობრებს, ჩვენი ძვირფასი მუსლიმი თემის სულიერ ლიდერებს. მინდა, ყველა მუსლიმს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მივულოცო რამადანის წმინდა თვე. ბატონმა ზაზამ სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ. იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობის და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთმანეთის რწმენას, ტრადიციას, კულტურას განსაკუთრებულ პატივს ვცემთ. ეს არის საგანძური, რითაც ჩვენ, ყველანი, ვამაყობთ. ეს ჩვენი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ეს მემკვიდრეობა, ეს ჩვენი საგანძური შეინარჩუნოს, განამტკიცოს და გადასცეს მომავალ თაობას. ჩემო ძმებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და, მე ვიტყოდი, ტოლერანტობის ცენტრი“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში