გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

20 აპრილი 2023, 10:48 576 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო  და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და  მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 

სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში