პირველი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ - თამარ ბარკალაია

20 აპრილი 2023, 17:13 640 ნახვა

პირველი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა.

თამარ ბარკალაიას განმარტებით, ბოლო წლებში, განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მისივე განცხადებით, გამოწვევები რჩება,რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„2022 წელს, 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს.

გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც. 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით.

ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის სოციალური გასაცემელი 2012 წლამდე არ არსებობდა, დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“,-განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში