სუდანში მყოფი ქართველები ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

21 აპრილი 2023, 10:13 690 ნახვა

სუდანში, კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართველები ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. საქართველოს მოქალაქეები ხუთი დღეა ვითარების სტაბილიზაციას უშედეგოდ ელოდებიან.

ხარტუმში, 2 ავიაკომპანიის 33 ქართველი წარმომადგენელი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მათ ელექტროენერგია და საკვები შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებათ.

ავიაკომპანიების წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველდღიურად აქვთ კავშირი, რათა საქართველოს მოქალაქეები კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანონ.

ბოლო ინფორმაციით, სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზავის პერიოდში ჰუმანიტარული დერეფნები მოეწყობა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოხდება.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში