საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი - საგარეო უწყება

21 აპრილი 2023, 14:46 679 ნახვა

დღეს, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის დაფუძნების შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რომში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იტალიის რესპუბლიკასთან მაღალი დონის დიალოგის ახალი ფორმატი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, თავდაცვა და უსაფრთხოება, პოლიტიკური მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო. მისი შეფასებით პლატფორმა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

„ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოეწერება სტრატეგიული დიალოგის შესახებ ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. აღნიშნული ფორმატი გააძლიერებს და ახალ იმპულსს მოუტანს იტალიის და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს“-განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიზიტის შეფასებისას ილია დარჩიაშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყება იმაზეა ფოკუსირებული, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში