ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა

24 აპრილი 2023, 13:04 1439 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათივე განმარტებით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. სავარაუდოდ, ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ და ერთ ობიექტზე მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით, თავის არეში, მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში