სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, მაგრამ გთხოვთ, ნუ მიიღებთ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას - პრემიერი  აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს

24 აპრილი 2023, 14:31 630 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ.

პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა ვთხოვო, ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.

„იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ყველამ ამომწურავი კომენტარი გააკეთეს და განმარტება მისცეს, როგორც გენეტიკური იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, მინისტრი შეხვდა თავად მათ და მისი მოადგილეც, ჯერ კიდევ რჩება კითხვები. სამწუხაროდ, ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ და პოლიტიკური კამპანია აწარმოონ. პირველ რიგში, მინდა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ სახელმწიფო, მთავრობა მათ გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ...

 

მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ: ალბათ, გახსოვთ არცერთ პოლიტიკოსს არ გახსენებია, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი. საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა და არც არაფერი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და არც მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. ძალიან მარტივად შეიძლება იმის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც რომ ვთქვათ, ამორალური საქციელია. ეს არის უზნეობა, ეს არის ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.

"რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, მე მინდა ბოლოს ვუთხრა, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს 10-მილიონზე საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, და უფრო ცუდად წავიდეს საქმე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ სახელმწიფოს, მთავრობის, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს.

ამიტომ, საჭირო არის ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა. დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება,“ - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში