ჯიმი ბატლერის 56 ქულა. მაიამის პლეიოფების ისტორიაში საუკეთესო შედეგი

25 აპრილი 2023, 20:02 689 ნახვა

მაიამი ჰითმა მილუოკი ბაქსი დაამარცხა. ფლორიდელებმა მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი მეოთხე შეხვედრაში, სახლში 119:114 დაამარცხეს და სერიაში 3:1 დაწინაურდნენ, ეს ყველაფერი კი ჯიმი ბატლერის დამსახურებაა. ჰითის 33 წლის კალათბურთელმა კლუბის რეკორდი დაამყარა.

ბატლერმა ვისკონსინელებს 56 ქულა ჩაუგდო, რაც მაიამის პლეი ოფების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე ეს რეკორდი ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს ბრუკლინ ნეტსთან 49 ქულა დააგროვა.

NBA-ს ისტორიაში კი ეს მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია, ბატლერს მხოლოდ მაიკლ ჯორდანი 63 ქულით, ელჯინ ბეილორი 61 ჩაგდებული ქულით და დონოვან მიტჩელი 57-ით უსწრებენ.

საბოლოო ჯამში, ერიკ სპოელსტრას გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალამდე 1 მოგება აშორებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში