საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 357 ადამიანი შეადგინა - საქსტატი

27 აპრილი 2023, 13:36 666 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება – -6 799 და დადებითი მიგრაციული სალდო – 54 509.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, რომელიც 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენს − 63.8 პროცენტია, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტი.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2021 წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ.

ამასთან, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში