პირადად ჩემი, ჩვენი გუნდის, ჩემი თანამებრძოლი არჩილ ჩიქოვანის საქმიანობის მთავარი მიზანი ბათუმის წარმატებაა - თორნიკე რიჟვაძე

29 აპრილი 2023, 20:16 718 ნახვა

"ბათუმობა 2023“-ის საზეიმო ღონისძიებებს, რომელიც დღეს აღინიშნება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და დელეგატები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„135 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ვულოცავ "ბათუმობას" ჩვენს ბათუმელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ეს ქალაქი.

ყოველდღიურად იზრდება ჩვენი საამაყო ქალაქის ცნობადობა, მისი პოპულარობა საერთაშორისო მასშტაბით. გვაქვს წარმატებები ქალაქის განვითარების, სპორტული, კულტურული, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ეს არის თავდაუზოგავი შრომის შედეგი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს წარმატების ამ ისტორიის შექმნაში.

განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ბათუმის ახალი სტადიონი, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, უკვე გახდა ნომინანტი ეროვნულ დონეზე და წარდგენილია პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალაქს და მის პროექტებს.

თუმცა, ბათუმის წარმატებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის წვლილი. სწორედ ბათუმელები ქმნიან ამ ქალაქის უნიკალურობას, მის კულტურას, აწმყოს და მომავალს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენს საპატიო ბათუმელებს, როგორც გასული წლების, ასევე წლევანდელი წლის ნომინანტებს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატიო ბათუმელის წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ 15 პირს გადაეცა.

"ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები გაიმართა.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში მიუზიკლი „და აი ჩვენ აქ ვართ Mamma Mia" გაიმართება, დღესასწაული საზეიმო გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში