ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას - პაპუაშვილი

01 მაისი 2023, 14:17 696 ნახვა

დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, ყველაზე არაპატრიოტული და შესაბამისად, ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია - ისინი მოქმედებენ და აქტიურდებიან მაშინ, როდესაც გრძნობენ, ხედავენ, რომ თემას აქვს მხარდაჭერა მათი გარე მფარველებისგან, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებების თუ პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით მოქმედებს. 

„ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით, საკუთარი ამომრჩევლის პოლიტიკური დღის წესრიგის, არამედ უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებების თუ პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით. ხომ ვაკვირდებით, როდის აქტიურდებიან? ყველა თემა, რომელიც ჰქონდათ ბოლო პერიოდში წამოწეული - უკრაინის მიმართ სოლიდარობა, სტატუსის საკითხი, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, თუ საგამოძიებო კომისიის შექმნა, ყველა ეს თემა საქართველოს საზღვრებს გარედან იქნა შემოტანილი, გააქტიურებული და ამ შემთხვევაში აქტიურდება ხოლმე ჩვენი ოპოზიცია. “ - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველმა ხალლხმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას.

„ის, რასაც ცდილობდა ოპოზიცია, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში პროპაგანდისტული მეთოდები დაემკვიდრებინა, ქართველმა ხალხმა ამას გასცა პასუხი და თქვა, რომ ასეთ ცრუ ნარატივებს არ აჰყვება. ის საკითხები, რომელსაც ცდილობდნენ ამ თვეების განმავლობაში წამოეწიათ, დაწყებული უკრაინის მიმართ სოლიდარობით, იქნებოდა ეს სტატუსთან დაკავშირებით, და ა.შ., ყველა ეს ყალბი ნარატივი მოსახლეობამ უარყო და უპასუხა იმით, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას მხარი. ეს არის როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია, როდესაც დემოკრატიული მანდატი გაიცემა სწორედ არჩევნების გზით და ამ არჩევნებზე, რომელიც გადანაწილებული იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ჩრდილოეთის, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო მაღალდემოკრატიულ მანდატს აძლევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, IRI-ის კვლევის შედეგები რეალობას აცდენილია. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არანაირად არ არის გაზრდილი, პირიქით.

"ამ კვლევების მიზანი იყო საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა. ერთი არის ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორე რეალობაა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ამაზე მეტყველებს არამხოლოდ შედეგები, არამედ თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა კანდიდატები დაეყენებინა. სხვა ახსნა არ აქვს, კანდიდატები არ დააყენეს მერიის კანდიდატურაზე მაგალითად, ცაგერსა და თერჯოლაში. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერსა და თერჯოლაში. თავადვე ამბობენ ახლა, რომ ხმები აკლიათ პარლამენტში და ნანობენ, რომ სია ჩახსნილი აქვთ. დაეყენებინათ კანდიდატურა და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ყველამ კარგად იცის რეალობა. რეალობა არის ის, რაც 29 აპრილს ვნახეთ"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია გამსჭვალული იყო ქართული იდეითა და ეროვნული ინტერესით.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარ ლექსიკონში ტერმინი „ეროვნული ინტერესი“ დააბრუნონ.

"მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია. პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესი“, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისა. ეს „ეროვნული ინტერესი“ რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და ყველაფერთან პრორუსობა და ანტიდასავლურობა ელანდებათ, ეს არის პრობლემა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“ მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს. ამიტომ ეს პრობლემა არის ოპოზიციის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში