ბუქარესტის განაცხადი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ძალაში დარჩება, არ ველოდები არანაირ ცვლილებებს ამ კუთხით - ჯეიმს აპატურაი

03 მაისი 2023, 18:19 943 ნახვა

გადაწყვეტილი გვაქვს საქართველოსთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს, ამას უკვე ვაკეთებთ და ვიცი, რომ მიმდინარეობს დისკუსია, გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას ხორცი მალე შეესხას, – ამის შესახებ  ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა

როგორც მან აღნიშნა, ვილნიუსის სამიტზე ელოდება ფოკუსირებას რამდენიმე ახალ მიმართულებაზე, ერთი არის არსებითად ნატო-ს თავდაცვის გაძლიერება, გეგმებით, ძალებით, მეორე არის უკრაინასთან მიმართებაში.

„დარწმუნებული ვარ, ალიანსი იმსჯელებს უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარების გაწევაზე და განსაზღვრავს ჩარჩოს, როგორი უნდა იყო პოლიტიკური ურთიერთობა უკრაინასთან. მესამე, ველოდები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ძალიან მაღალ დონეზე სამომავლო თანამშრომლობას. მეოთხე, ყველას ძალიან გვსურს, რომ შვედეთის წევრობას მივესალმოთ. ყველას გესმით ამის პოლიტიკური კონტექსტი, თუმცა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მეხუთე – ველოდები არსებით გადაწყვეტილებებს ნატო-ს მომავალზე, ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, ენერგო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული უსაფრთხოება. ბევრი მიმართულება, რაზეც მე ახლა ვმუშაობ და სწორედ ამიტომ ვიცი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება ამ კუთხით.

როცა საქმე ეხება ასპირანტებს, უკრაინა უკვე ვახსენე და რაც შეეხება საქართველოს, რაშიც აბსოლუტურად შემიძლია დაგარწმუნოთ, არის ის, რომ საქართველო ნატოს დღისწესრიგში ყოველდღიურად ძალიან მაღალ დონეზეა. ასე რომ, საბჭოს დონეზე, ყველა შეხვედრაზე, როდესაც საუბარია ჩართულობაზე, მათ შორის სამეზობლოზე რუსეთის ნეგატიური გავლენის კონტექსტში, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს საქართველოსთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს, ამას უკვე ვაკეთებთ და ვიცი, რომ მიმდინარეობს დისკუსია, გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას ხორცი მალე შეესხას.

რა პოლიტიკური ენა იქნება გამოყენებული, როდესაც საქმე ღია კარის პოლიტიკას ეხება, არ ვიცი, დოკუმენტის პროექტიც კი არ არის ჯერ მზად, მაგრამ მკაფიოა, რომ ბუქარესტის განაცხადი – რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი – დარჩება, არ ველოდები არანაირ ცვლილებებს ამ კუთხით. ასე რომ, დაველოდოთ პოლიტიკურ ენას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში