ზედიზედ მეორედ გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

03 მაისი 2023, 19:49 705 ნახვა

ზედიზედ მეორედ, საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი ხვდება. მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და ბორდოს გარემარბი ზურიკო დავითაშვილი 33-ე ტურის საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის დასახელდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელები ლიგა 2-ის წინა, 32-ე ტურშიც გამოარჩიეს. გიორგი მიქაუტაძის მეცმა 33-ე ტურში შინ პარიზთან ითამაშა და ქულას დასჯერდა. მასპინძელთა ქართველმა თავდამსხმელმა მე-18 წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ბორდოში იჯარით მოთამაშე დინამო ბათუმის შემტევმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ვალანსიენთან მოგებულ 2:0 შეხვედრაში სასტარტოში, 81-ე წუთამდე ითამაშა და იმის მიუხედავად, რომ შედეგიანი მოქმედება გოლი ან საგოლე პასი არ ჰქონია, შეფასებით მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში