ქართველი კალათბურთელების მატჩი ესპანეთში

04 მაისი 2023, 20:45 565 ნახვა

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ მატჩში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიას“ უმასპინძლა და მატჩი ოვერტაიმში 109:111 წააგო. შერმადინმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ტენერიფელთა მხრიდან შეუჩერებელი იყო ბრაზილიელი ვეტერანი მარსელინიო უერტასი, რომელმაც 43 ქულა მოაგროვა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერც მან იხსნა. მურსიელთა რიგებში ანდრონიკაშვილი ერთადერთი იყო, ვისაც მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია, მაკფადენმა კი გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა: 32 წუთში 21 ქულა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტენერიფელებს ეს მარცხი მეოთხე ადგილის დაკარგვად დაუჯდათ. შერმადინის გუნდს 22 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და მათ ასეთივე მონაგარის მქონე „უნიკახამ“ გადაუსწრო. „მურსია“ კი 14 მოგებითა და 17 წაგებით მეცხრე პოზიციაზეა. 6 მაისს „ტენერიფე“ „ხირონას“ ესტუმრება, ხოლო მურსიელები შვიდში გასვლაზე „ბრეოგანთან“ ითამაშებენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში