აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ

05 მაისი 2023, 21:55 918 ნახვა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები 24-საათიან საპროტესტო აქციებს წყვეტენ.

როგორც მშობლები აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მათ ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„კანცელარიასთან ჩვენი უწყვეტი აქციების მე-19 დღე დასრულდა. დღეს მშობლები დავესწარით საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც დაწვრილებით მოვისმინეთ პროტოკოლზე მომუშავე ექიმების თითოეული კომენტარი და დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს დასრულდება. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო როდესაც გადაწყვეტს „ვოსორიტიდის“ შესყიდვას, ფინანსთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოყოფს თანხებს. მშობლები ყოველკვირეულ შეკრებაზე ვიქნებით ჩართულნი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან წინ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, დაგვჭირდება მშვიდი გონება და უპირველესად ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს. ამიტომ, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან 19 დღეა უწყვეტ 24-საათიან აქციას მართავდნენ. ისინი ხელისუფლებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის „ვოსორიტიდის“ შემოტანას და დაფინანსებას სთხოვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში