აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად - ივანე ჩხაიძე

08 მაისი 2023, 13:01 640 ნახვა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა.

„სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. როგორც იყო განცხადება გაკეთებული, ეროვნული პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. ეს არის, ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადადგმული მედიკამენტის შემოტანის წინ. ამ მედიკამენტის დანერგვას სჭირდება მომზადება. მომზადებაში იგულისხმება როგორც ტექნიკური მხარე, ასევე კრიტერიუმები, ვის უნდა დაენიშნოს პრეპარატი. ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მუშაობს კრიტერიუმებზე, იმ პაციენტების შერჩევაზე, რომლებისთვისაც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ეროვნული პროტოკოლი აუცილებელია. ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ  ისაუბრა, თუ რა რისკები ახლავს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“ და რატომ არის საჭირო სიფრთხილე.

„მხოლოდ საქართველოს მთავრობის განცხადება არ არის, ყველგან ერთი და იგივე აზრია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  შეგიძლიათ, ნებისმიერ პუბლიკაციაში წაიკითხოთ, რომ უფრო ხანგრძლივი კვლევებია საჭირო, რათა ვიცოდეთ, რა გავლენა აქვს საბოლოო სიმაღლეზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, ერთი წლის განმავლობაში 1,57 სანტიმეტრით ზრდა რამდენად შენარჩუნდება შემდეგი წლების განმავლობაში და რა იქნება საბოლოო სიმაღლე; ხანგრძლივ პერსპექტივაში არის თუ არა ეს პრეპარატი სრულიად უსაფრთხო სხვადახვა ორგანოსა და სისტემის თვალსაზრისით. ჩვენთან რაც კეთდება, მიმართულია სწორედ ამ თვალსაზრისით ნიადაგის მომზადებაზე, რათა პრეპარატი შეძენილი თუ იქნება, მზად იყოს სამედიცინო სისტემაც და პაციენტის მშობლებიც. ეს მედიკამენტი უნდა გააკეთონ მშობლებმა, ამიტომ დასაწყისში პრეპარატი გაკეთებული უნდა იყოს საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ეტაპზე კი აკეთებს მშობელი სახლში. კანქვეშა ინექციებს სჭირდება მომზადება, მშობლების ტრენინიგი. ეს არ არის ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა არც ისეა, რომ დღესვე შეიძლება, ყველაფერი დაიწყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში