მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს

08 მაისი 2023, 16:16 605 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. ინფორმაციას მთვრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.

პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები"- განმარტავენ მთვრობაში.

თეა წულუკიანის განცხადებით, მფრინავს, რომელიც ფრენას ახორციელებს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე განისაზღვრება ფრენის არეალები, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

„საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო წარიმართა ჩვენი სამინისტროს კოორდინაციით, ეკონომიკის სამინისტროს და შს სამინისტროსთან ერთად, ასევე მათ შესაბამის სამსახურებთან და პირველ რიგში, საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან. ასევე, ის ფედერაცია, რომელიც დღემდე არის ბაზარზე და კომერციულ ფრენებში გარკვეულ როლსაც ასრულებდა, რადგან პარაპლანით ფრენისას, სამწუხაროდ, არაერთი უბედური შემთხვევებიც იყო.

 

ფედერაცია, რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, დღეს დამტკიცებული წესის თანახმად, სწორედ ეს ფედერაცია, რომელიც აქტიურად იყო ჩვენთან ერთად ამ წესის შემუშავებაში ჩართული, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომელიც არის საკმაოდ მკაფიო და იმედია, მალე მთავრობის ეს აქტი საკანონმდებლო ცვლილების სახესაც მიიღებს. ეს ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ ვერცერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი, პილოტი არ არის პროფესიონალი, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე, ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული, აქამდე ეს გაწერილი არ იყო, ვალდებულება არ არსებობდა, რომ გამართული აპარატურით ეფრინათ და ის, ვინც არის ფრენაზე პასუხისმგებელი, სავალდებულოდ ყოფილიყო ამ საქმის მცოდნე. ეს შემოდის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული წესები შემოდის, რადგან აღარ მოხდეს ტრაგედიები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში