კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ლონდონი და პარიზი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ

10 მაისი 2023, 14:05 597 ნახვა

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს – წერს ბრიტანული მედია და აღნიშნავს, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას,  მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას , რაც გამოიწვევს ფინანსურ სანქციებსა და სხვა სასჯელებს.  

საფრანგეთის პარლამენტმა  კი 9 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის გასამხედროებულ ჯგუფს, "ვაგნერს", ოფიციალურად ეწოდოს "ტერორისტული ჯგუფი".

რეზოლუციას, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, პოლიტიკურმა სპექტრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ავტორს იმედი აქვს, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს  ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანა და "ვაგნერს"  ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ ევროკავშირის  ოფიციალურ სიაში დაამატებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში