სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა-იუსტიციის მინისტრი

12 მაისი 2023, 17:03 772 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე "მიხეილ სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.

"სამწუხაროდ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული გაექეზებინათ, რომ ჰქონოდა ოთხი შიმშილობის ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში როგორც მოგეხსენებათ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.

დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ძვირფას საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექნებათ შესაბამისი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

"მიხეილ სააკაშვილი პატიმარია და ჩვენ როგორც ადრე, ასევე ახლაც, ვმოქმედებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში სააკაშვილს შეთავაზეს ჩამოეყვანათ მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, მათ ამ უფლებით არ უსარგებლიათ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი სიტყვა, თითქოს სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, არის ტყუილი.

„მოგვმართეს ისეთი განცხადებით, რომელიც შესაბამისი ფორმით დაწერილი არ იყო. იმისთვის, რომ სააკაშვილთან შევიდეს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ექიმი მას სჭირდება ჩვენგან ნებართვა. იმისთვის, რომ ჩვენ ნებართვა გავცეთ, როდესაც მსჯავრდებული უშუალოდ მოგმართავს, რომ შევიდეს ესა თუ ის ექიმი და მის მკურნალობაში მონაწილეობა მიიღოს, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის ექიმი და მას სჭირდება შესაბამისი ლიცენზია.

ჩვენ ამის შესახებ წერილობითაც მივმართეთ გიული ალასანიას, ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონითაც ესაუბრა, მაგრამ მათ დღემდე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ფორმით განცხადება. ნებისმიერი სიტყვა, რომ თითქოს სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, ეს არის ტყუილი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში