ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასა და ბედნიერებასთან ასოცირდება - პრემიერი

26 მაისი 2023, 12:27 568 ნახვა

დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნული დღე მიულოცა ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.

„მივესალმები ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სასამართლოების თავმჯდომარეებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მეუფე შიოს, ჩვენს პატივცემულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს ხალხს და ჩვენს საამაყო ჯარს. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

 

დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 105 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

უმთავრეს ეროვნულ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.

 

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

 

განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენო საამაყო წვევამდელებო, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი;

 

მე ასევე მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მათი თანადგომა ჩვენთვის ფასდაუდებელია.

 

ძვირფასო მეგობრებო, დღეს სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს; კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსთვის გაიღო მსხვერპლად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ "დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის.''

„1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ "დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის". პირველი დამოუკიდებლობა მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა. ამ მცირე დროში ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს საფუძვლები შექმნა, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელი კრიტერიუმებითაც კი უაღრესად პროგრესული იყო.

 

1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა; ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა. ამით ჩვენს დროში განვაახლეთ სვლა ყველა თაობის უზენაესი მიზნისკენ - თითოეული მოქალაქის, მთლიანად ქართველი ხალხის, საქართველოს თავისუფლებისაკენ.

 

დამოუკიდებლობის მოპოვებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ. თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის; ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს; თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე - ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას, სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა.

„დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას“,- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში