მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

29 მაისი 2023, 15:45 516 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროგრამის მიზანი მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, კერძო სექტორის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა განხორციელდება მაღალმთიან დასახლებებთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დასახლებებში და ითვალისწინებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დაფინანსებას.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

მათივე ცნობით, ეს გამონაკლისები პროგრამაშია გაწერილი და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ. ასევე გამონაკლისებშია სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება, ვინაიდან ეს მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვფიქრობ, ახალი პროგრამა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას; მათ ექნებათ დამატებით 10% თანადაფინანსება. პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარისა, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

„დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.

ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია ხუთი მილიონი ლარის ოდენობით. სოფლის განვითარების სააგენტო განაცხადების მიღებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში