გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონია

29 მაისი 2023, 19:56 659 ნახვა

უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის შახტარი მთავარ კონკურენტს, მეორეადგილოსან დნიპრო 1-ს დაუპირისპირდა, 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა. იგორ იოვიჩევიჩის გუნდმა მეტოქეს უკვე 8 ქულით გაასწრო, გუნდებს კი მხოლოდ 1 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. გიორგი გოჩოლეიშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მე-9 წუთზე დონეცკელთა ნახევარმცველმა, ბონდარენკომ ანგარიში გახსნა. 55-ე წუთზე დანილო სიკანმა შახტარის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 4 წუთში იგორ იოვიჩევიჩის გუნდმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა, ბოლო მესამე გოლი ტარას სტეპანენკომ გაიტანა. მატჩის მიწურულს სიტუაცია დაიძაბა და გულშემატკივრებმა ჩხუბიც იხილეს, რის შემდეგაც მთავარ მსაჯს 4 წითელი ბარათის ამოღება მოუწია. შახტარი უკრაინის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. ამ მაჩვენებლით ისინი მხოლოდ დინამო კიევს ჩამოუვარდებიან, რომელსაც ეს ტიტული 16-ჯერ აქვს მოპოვებული.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში