სასამართლომ ქობულეთში გუშინ დაკავებული 4 პირი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

08 ივნისი 2023, 17:57 1075 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირი სამართალდამრღვევ პირებად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. საქმეზე სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ისინი სამართალდამცავებმა ქობულეთში, წუხელ, წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. როგორც ოქმის შემდგენმა მხარემ განმარტა, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, აქამდე ნასამართლევი არ ყოფილან. ისინი მათთვის  შენიშვნის გამოცხადებას ითხოვდნენ.

სასამართლოზე დაკავებული პირებიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ არავისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ისინი სანაპიროზე ხმაურობდნენ და დაუმორჩილებლობასაც ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  სადაც ის დაკავების დროს პოლიციელებს ძალადობასა და დანით მუქარაში ადანაშაულებს, ქობულეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უარყოფს. ამ ფაქტს არ ადასტურებენ თავად დაკავებულებიც.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში