ბელარუსმა რუსეთისგან ტაქტიკური იარაღის მიღება დაიწყო

14 ივნისი 2023, 10:19 675 ნახვა

ბელარუსმა რუსეთისგან რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით,  ეს იარაღი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბი. ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე მისი მოთხოვნა იყო და მისი მიზანი ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოწოდება ბელარუსისთვის  7-8 ივლისის შემდეგ განხორციელდება. ბელარუსი ასევე ამზადებს მოედნებს სტრატეგიული რაკეტების განლაგებისთვის. ამ ნაბიჯით ბელარუსმა და რუსეთმა შესაძლოა დაარღვიონ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

ორივე ქვეყანა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილეები არიან. ხელშეკრულების თანახმად, მისი თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, სხვას არ გადასცეს და არც თვითონ მიიღოს ასეთი იარაღი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსმა ნებაყოფლობით უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და იგი  რუსეთში გაიტანა.

ქვეყნიდან ბირთვული იარაღის გატანის პროცესი 1996 წელს დასრულდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში