საქართველო ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ოლივერ ვარჰეი

14 ივნისი 2023, 21:36 790 ნახვა

საქართველო ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე და თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. „ევროპალიის“ ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე, დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი.

მქონდა პრივილეგია, რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან, ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართმასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია, ჩვენი საერთო მომავალი ავაშენოთ.

ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს, ღირებულებები კი, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ობიექტურად  იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.

„ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში, მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა, ვიხილოთ მდგრადი, წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, თქვენი დაძაბული სამუშაო, ვალდებულებები, რომელიც აიღეთ, შეფასებული იქნება ობიექტურად და მოიტანს შედეგებს ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველ დღე. მილიარდ 200 მლნ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველოდებით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელი, რომელიც განხორციელდება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო დაგვაახლოებს.

საღამოს ვნახავთ, რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან – ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთი სულისკვეთებით, ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია, საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. დასკვნისთვის მინდა, მოვუწოდო ყველას, დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია, რადგან საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით ევროპაში საქართველოს შესახებ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში