ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

15 ივნისი 2023, 10:54 1687 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო და ბრალდებული წინასწარ, ორ თვიანი პატიმრობაში დატოვა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე და სხვა პირების პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, სხდომა დაიხურა.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ბრალდებული და დაზარალებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.

"სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე, გარდაცვლილია არასრულწლოვანი, სხვა დეტალებისგან, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში, თუ კი გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, შესაძლოა, ბრალდება აღნიშნული პირის მიმართ დამძიმდეს", - განაცხადა ალექსანდრე ძირკვაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრულწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ბათუმში 12 ივნისს მოხდა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში