პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა და გამოიყო უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე გუდაურის ტერიტორიაზე - ავიაციის სააგენტო

16 ივნისი 2023, 12:58 582 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ავიაციის სააგენტომ, “საქაერონავიგაციასთან” ერთად, უმოკლეს ვადებში დაასრულა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

უწყების ცნობით, პარაპლანით ფრენებისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის გამოყოფით შესრულდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისადმი დადგენილი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა, ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

სააგენტო საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლების საყურადღებოდ ინფორმაციასაც ავრცელებს.

„გამოყოფილი საჰაერო სივრცის ადგილმდებარეობა არის დაბა გუდაური, შემდეგი კოორდინატებით: 423049N 0443033E 422530N 0443413E 422527N 0443104E 422627N 0442847E 423037N 0442459E 423118N 0442532E 423049N 0443033E, ზღვის დონიდან 10500 ფუტი სიმაღლის ფარგლებში.

სპეციალური დანიშნულების არეში, პარაპლანით კომერციული ფრენები დაშვებული იქნება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით.

აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო ხომალდის მფრინავს/ექსპლუატანტს და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას ან შპს „საქაერონავიგაციას“ შორის კოორდინაცია უნდა განხორციელდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული NOTAM-ის და საჰაერო სივრცეში ვიზუალური ფრენის წესით მფრენი ოპერატორებისადმი დაგზავნილი ცირკულარის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში