კვლევის მიხედვით აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან - ნუგზარ პაპუნიძე

19 ივნისი 2023, 17:13 987 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა.

"გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლევები ჩაატარა.

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

მიმდინარე წელსაც როგორც ყოველთვის ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი კვარიათისა და მახინჯაური მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში"-აღნიშნა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებია სამმართველოს, ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში