გასულ ღამეს რუსეთმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - უკრაინული მედია

20 ივნისი 2023, 10:02 642 ნახვა

უკრაინაში, გასულ ღამეს ფართომასშტაბიანი განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე.

თავდასხმის გამო, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 30 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან 28-ის მოგერიება მოახერხეს.

გენშტაბის ცნობით, სუმის რეგიონზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია საკომუნიკაციო სისტემები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ფერმერული მეურნეობები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა ლვოვის ოლქშიც.

ამ დროისთვის ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში