ბრაზილიის საჯარო სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

20 ივნისი 2023, 10:12 606 ნახვა

მინიმუმ ერთი მოსწავლე დაიღუპა  და ერთი დაშავდა ბრაზილიის სამხრეთში ქალაქ კამბეში სკოლაში სროლის შედეგად.  დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაკავებულია, იგი ამავე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, შეიარაღებული დამნაშავე  შენობაში შევიდა  და მისი სკოლის ჩანაწერები მოითხოვა. მომხდარის გამო შტატის გუბერნატორმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და  საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელები  ქალაქ კამბეში მიავლინა. 100 ათასიანი ქალაქი პარანის დედაქალაქ კურიტიბიდან 400 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად გზები იპოვოს. 

წლის დასაწყისში, ბრაზილიის სამხრეთში ნაჯახით შეიარაღებული კაცი საბავშვო ბაღში შეიჭრა და ოთხი ბავშვი მოკლა, ხოლო სან პაულოს სკოლაში 13 წლის მოსწავლემ მასწავლებელი  და ხუთი თანაკლასელი დაჭრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში