გიორგი კვერნაძე კარიერას „ფროზინონეში“ გააგრძელებს

23 ივნისი 2023, 20:49 751 ნახვა

ჯანლუკა დი მარციოს საიტის და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დინამო ბათუმისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე სერია A-ში ითამაშებს. იტალიური მედის ცნობით ფროზინონემ 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაასრულა. ფაბიო გროსოს გაწვრთნილმა გუნდმა 2022/23 წლების სეზონში სერია B დამაჯერებლად, 80 ქულით მოიგო და ელიტაში აღზევდა. კარგა ხანია ცნობილია, რომ ფროზინონე კვერნაძეს აკვირდება და როგორც ირკვევა, საბოლოოდ ტრანსფერზე შეთანხმებაც მიღწეულია. გიორგი კვერნაძე თბილისის საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერის დასაწყისში ამ კლუბის ღირსებას იცავდა. ფორვარდი შარშან თელავში გამოდიოდა, ამ წლის დასაწყისში კი დინამო ბათუმს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში ეროვნულ ლიგაში 7 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. საქართველოს 21-წლამდელთა მაისურით კი მას 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ფროზინონე სერია A-ს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელმაც ფაბიო გროსო შეცვალა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში