ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

26 ივნისი 2023, 14:55 447 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონების პროექტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

"ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა, მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement) მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ინოვაციური ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლებზე, გაიზრდება წვდომა ინოვაციურ მედიკამენტებზე და გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა. აქვე, ხაზი გაესვა, რომ შედეგად, მკურნალობის დაფინანსება მეტი პაციენტისთვის იქნება შესაძლებელი ან გაიზრდება დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა მკურნალობის კურსის გათვალისწინებით.

მართული შესვლის შეთანხმება (MEA) მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ამ მექანიზმს იყენებს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა“, -  აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში