მადლობლები ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის - კუმარ აიერი

28 ივნისი 2023, 17:27 501 ნახვა

ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ აქ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი. მან საჯაროდ განაცხადა და ისაუბრა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს მოსახლეობას შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ, ეს არის ჩვენი აქ ვიზიტის სულისკვეთება. ჩვენ ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც უკვე გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის და ეს იყო ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სხვა მიზანი არის, რომ ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, გააგრძელებს სხვადასხვა გზის გამოყენების მცდელობებს. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა“, – განაცხადა კუმარ აიერმა.

მისივე თქმით, რუსული იარაღის დიდი ნაწილი დამოკიდებულია დასავლურ კომპონენტებზე, რომლებიც სანქცირებულია.

„ელჩმა ო’ბრაიანმა ისაუბრა სანქციების მნიშვნელობაზე. მე რამდენიმე სიტყვას დავამატებ, თუ რეალურად რა გავლენა აქვს ამ სანქციებს რუსეთზე. უპირველეს ყოვლისა, მათ გავლენა აქვთ ბრძოლის ველზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსული იარაღი დამოკიდებულია დასავლურ კომპონენტებზე, რომლებიც სანქცირებულია ჩვენს მიერ. ჩვენ ვიცით ფრონტიდან მიღებული მასალებისა და ანგარიშების შესწავლიდან, რომ მათ აღარ შეუძლიათ ამ კომპონენტების მიღება დასავლური ქვეყნებიდან. ისინი იყენებენ უფრო დაბალი ხარისხის კომპონენტებს და მათი იარაღის ეფექტიანობა მცირდება. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, თუ რომელია ის კომპონენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. თუ დაინტერესებული ხართ, ყველა დეტალი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდებზე. ეს არის 38 დასახელების ძალიან კონკრეტული საქონელი, რომელზეც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ფოკუსირებულია“, – აღნიშნა კუმარ აიერმა.

მისივე თქმით, სანქციების მიზანია ომის შემოკლება და ათასობით ადამიანის მკვლელობის აღკვეთა.

ასევე მინდა დავადასტურო და ხაზი გავუსვა, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს უფრო ფართო სანქციების პაკეტს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთი იყო ეკონომიკა, რომელიც ჩვეულებრივ გადაჭარბებით ასრულებდა ბიუჯეტს. მიმდინარე წელს მისი პროგნოზია ორპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი და მისი საკუთარი მონაცემებითვე, ამ წლის პირველ ოთხ თვეში მან უკვე გადააჭარბა ამ პროგნოზს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ენერგომატარებლების გაყიდვებიდან რუსეთის შემოსავალი 45 პროცენტით შემცირდა. ჩვენ ვიცით, რომ სუვერენული ფონდისა და რუსეთის სხვადასხვა აქტივების 60 პროცენტი გაყინულია. და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს, რატომ ვაკეთებთ ამას – რომ შევამოკლოთ ომი და აღვკვეთოთ ათასობით ადამიანის მკვლელობა“, - განაცხადა კუმარ აიერმა.

მისივე თქმით, მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ ისინი მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულან, მათი ერთობლივი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან აპირებენ ჩასვლას.

„მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავამატებ, ვინაიდან სრულად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ელჩმა ო’ბრაიანმა განაცხადა, რამდენჯერმე გამეორდა ეს კითხვა და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, - აღნიშნა კუმარ აიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში