საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება

28 ივნისი 2023, 22:01 795 ნახვა

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება.

C ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში ისრაელის ნაკრებმა ქუთაისში ჩეხეთი მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

მეორე მატჩში კი ბათუმში ინგლისმა გერმანია მარტივად 2-0 დაამარცხა.  ამ ჯგუფში ინგლისი 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილი 4 ქულით ისრაელმა დაიკავა, 3 ქულით მესამე პოზიცია ჩეხეთს ერგო, ხოლო მოქმედი ევროპის ჩემპიონი გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

ფლეიოფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 ივლისს "დინამო არენაზე" ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.

2 ივლისს კი ნახევარფინალში გასასვლელად ინგლისი და პორტუგალია ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში