შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს

29 ივნისი 2023, 15:40 932 ნახვა

5 აგვისტოს ლონდონის ჩელსის საშინაო მოედანზე სტემფორდ ბრიჯზე უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. საქველმოქმედო მატჩი ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ ზინჩენკოს გუნდები შეხვდებიან და მატჩიდან შემოსული თანხა ჩერნიგოვის რეგიონში მდებარე სკოლის რეკონსტრუქციას მოხმარდება.

საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძეც. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდასხმელმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის.

უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით "სტემფორდ ბრიჯზე!“ - წერია შოთა არველაძის „ფეისბუქ“ გვერდზე.

შეხვედრის მონაწილე გუნდების მაისურები უკრაინის დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი. ზინჩენკოს გუნდი ყვითელი ფორმით ითამაშებს, მათ შორის შოთა არველაძეც, ხოლო ლეგენდარული ანდრეი შევჩენკოს გუნდი ლურჯი ფორმით გავა მოედანზე.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში