ვინც უწოდებს ფიზიკურ თუ ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, წვლილი შეაქვს ამ ძალადობის წახალისებაში-კობახიძე

05 ივლისი 2023, 13:40 703 ნახვა

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვინც უწოდებს ფიზიკურ თუ ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, მას შეაქვს წვლილი ამ ძალადობის წახალისებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შესაბამისი უწყებების ფუნქციაა და ყველა დეტალი იქნება გამოძიებული.

„გამოძიება არის შესაბამისი უწყებების ფუნქცია. როგორც მოგეხსენებათ, ის ადამიანი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ძალადობა, არის უკვე დაკავებული. რაიმე სხვა დეტალი თუ იქნება გამოსაძიებელი, რა თქმა უნდა, ამას გამოიძიებენ შესაბამისი უწყებები. ყველა დეტალი იქნება გამოძიებული, ამ კუთხით პრობლემები დღემდე არ ყოფილა და არც მომავალში არ იქნება, ბუნებრივია.

მე არაერთხელ დავგმე ნებისმიერი ფიზიკური, თუ ვერბალური ძალადობა და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ვინც უწოდებს ფიზიკურ თუ ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, მას შეაქვს წვლილი ამ ძალადობის წახალისებაში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, კონკრეტული ადამიანები – უცხოელები, ქართველები, პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და ა.შ. პირდაპირ უწოდებდნენ ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს. ჩემთვის ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ როგორც ფიზიკური, ასევე ვერბალური ძალადობისგან და ასევე ყველას მოვუწოდებ, ამის წახალისებისგან თავი შეიკავონ, მათ შორის უცხოელებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში