„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე განაცხადა.
მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კანონპროექტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულია, არასწორია.
"დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
მისივე თქმით, თავდაცვის უწყებას კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან, საკითხები მათთან შეჯერებულია, შესაბამისად, პროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკორდატს აღიარებს და, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდელმსახური, სხვა კონფესიების მსგავსად, ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება.
"საქართველოს კონსტიტუციით არის მოცემული, კონკორდატის არსებობას არავინ უარყოფს, აქ საუბარია ალტერნატიულ შრომით სამსახურზე, სხვა კონფესიების მსგავსად, მართლმადიდებელი მღვდელმსახური გაივლის თუ არა ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ჩვენი პასუხი „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით არის, რომ სწორედ ასე მოხდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.