ჩვენ უკრაინას მკაფიო სიგნალს გავუგზავნით - სტოლტენბერგი

11 ივლისი 2023, 15:04 591 ნახვა

ვილნიუსის ისტორიული სამიტი. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან მკაფიო და დადებით სიგნალს ელის, რათა  უკრაინა ნატოს წევრობას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა სამიტის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ვილნიუსში  მიმდინარეობს.

ნატოს დაგეგმილი აქვს გაწევრიანების მაგივრად, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ხანგრძლივ სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას გულისხმობს.

ამას გარდა, ვილნიუსში უკრაინა ნატოს უფრო დაუახლოვდება და იმოქმედებს უკვე არსებული ნატო-უკრაინის კომისიის განვითარებული ვარიანტი, ნატო-უკრაინის საბჭო. ამ ფორმატში საინაუგურაციო შეხვედრა ხვალ, 12 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.

სტოლტენბერგის განცხადებით, უნდა მოიხსნას უკრაინისთვის  გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების მოთხოვნა, რაც უკრაინისთვის წევრობის მიღების პროცესს ორეტაპიანიდან ერთეტაპიან პროცესად გადააქცევს. 

უკრაინის ხელისუფლება ვილნიუსის სამიტიდან ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელის. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა იმსახურებს თავის ადგილს ალიანსში. იმის მიუხედავად, რომ ომი ხელს უშლის უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას, შესაბამისი სიგნალი უკვე ახლა არის საჭირო - განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში