რუსი გენერალი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა

13 ივლისი 2023, 14:01 577 ნახვა

რუსეთის  58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გენერალი ივან პოპოვი  მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ჯარში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. გენერალმა მინისტრი შოიგუ და  გენშტაბის უფროსი გერასიმოვი არასაკმარისი მხარდაჭერის გამო რუსი ჯარისკაცების ღალატში დაადანაშაულა.

ივან პოპოვის 58-ე არმია   მძიმე ბრძოლებში მონაწილეობს უკრაინის  ზაპოროჟიეს ოლქში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ომში უკრაინაში.

ტელეგრამ-არხით გამოქვეყნებულ აუდიომიმართვაში პოპოვი ამბობს, რომ დაღუპული თანამებრძოლების გამო, ტყუილის თქმის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ „ყველაზე მაღალ დონეზე“ არმიაში არსებული ყველა პრობლემა წამოჭრა და მოწინააღმდეგის არტილერიისგან რუსი მებრძოლების მასობრივ სიკვდილსა და დასახიჩრებაზე ისაუბრა.

აუდიომიმართვის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, გენერალმა პოპოვმა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს შესთავაზა ფრონტის პირველ ხაზზე ხანგრძლივად მყოფი ქვედანაყოფების როტაცია მათი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, გერასიმოვმა კი პოპოვი დაადანაშაულა პანიკასა და შანტაჟში და მას შემდეგ, რაც გენერალი პრეზიდენტ პუტინთან ჩივილით დაემუქრა, 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში