სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, გახსოვთ სავიზო სანქციები ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას - კელი დეგნანი

13 ივლისი 2023, 17:26 515 ნახვა

როდესაც არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ პირი ჩადის არალეგალურ საქმიანობას და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ქართველებისთვის, როგორიცაა ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე სანქციების დაწესება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ფეისბუქლაივის დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო დასანქცირების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოთხი დასანქცირებული მოსამართლე ხელს უშლიდა საქართველოს დემოკრატიულ გზას.

„სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია გარკვეულ არალეგალურ საქმიანობაზე, კორუფციაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე თუ ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში შემდგომ უკვე ხდება სანქციების დაწესება. თქვენ გახსოვთ სავიზო სანქციები ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატიისთვის; იმისათვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, სამართლიანად გადაწყდეს ბიზნესდავები, ქვეყანაში იყოს ინვესტიციები, ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ა.შ. როდესაც არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ პირი ჩადის არალეგალურ საქმიანობას და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ქართველებისთვის, როგორიცაა ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასეთი რამ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი.

კელი დეგნანის განცხადებით, კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დასაცავად უცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.

„ქართული საზოგადოება თავისი არსით არის ძალიან შემოქმედებითი, ინოვაციური და ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ამას ასევე გვიჩვენებს ის ლიტერატურა, პოეზია, რაც წლების და საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ეს იყო ძალიან ღრმა ერთგულება თავისუფლების, დამოუკიდებლობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ფიქრის, სიტყვის თავისუფლებასაც. მე გავიხსენებ სახელმწიფო მოღვაწეებს თუ პოეტებს და ლიტერატორებს, რომლებიც თავიანთი პროგრესული აზროვნებით აძლევდნენ მაგალითს საზოგადოებას და ზუსტად ამ ღირებულებებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. ამ ყველაფრის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.

თუ გადავხედავთ რუსეთის მაგალითს, სადაც ხალხს უწევს შიშში ცხოვრება, მათ დაკარგეს უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი, შეკრების უფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად მივხვდებით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უჭერს მხარს აშშ სამოქალაქო საზოგადოებას თუ სხვადასხვა წრის წარმომადგენლებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, გახლავთ ის, რომ მათ შეუძლიათ, თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით, თავიანთი ქმედებით შეინარჩუნონ ქვეყნის იმიჯი და თავისუფლებების და უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში