აშშ ადასტურებს, რომ უკრაინას უკვე გადასცა კასეტური საბრძოლო მასალები

14 ივლისი 2023, 10:08 550 ნახვა

პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ უკვე მიიღო დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა, რომლის გადაცემის შესახებაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

„ჩვენ ახლახან მივიღეთ საბრძოლო მასალები, თუმცა ჯერ არ გამოგვიყენებია. მათ შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ სიტუაცია ბრძოლის ველზე. მტერს ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება უპირატესობა. ისინი დათმობენ ტერიტორიის იმ ნაწილს, სადაც მათი გამოყენებაა შესაძლებელი“, - განაცხადა „ტავრიის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრ ტარნავსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს ეს საბრძოლო მასალა ჯერ არ გამოუყენებიათ და აღნიშნა, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი სამხედრო სარდლობა მიიღებს.

გენერალი ასევე აცხადებს, რომ უკრაინამ პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. ამერიკა, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერები არ არიან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში