აუზზე, ყველა რეგულაცია დაცული იყო, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან თანამშრომლობს - "ოაზისის“ ადვოკატი

19 ივლისი 2023, 10:45 1018 ნახვა

სასტუმრო "ოაზისის“ ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო. ასევე განმარტავს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და საქმეზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია.

ადვოკატის ინფორმაციით,  შემთხვევის შემდეგ ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველი.

"რაც მოხდა უდიდესი ტრაგედიაა და მინდა, ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, გუშინვე მოხდა დროულად ჩანაწერების დათვალიერება. ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში, რაც დღესაც გრძელდება. რაც შეეხება მომხდარს, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, დაცულია. თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას.

 

სამედიცინო პუნქტი ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობს, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი ადგილზე იყო და დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. მაშველებიც შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ. ვალდებულება, რომ ყველა აუზთან თითო მაშველი იყოს, არ არსებობს. ბუნებრივია ეს არ ყოფილა, თუმცა რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზზე ბავშვი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში