სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოთხი სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

25 ივლისი 2023, 10:18 636 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, თბილისში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხ სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში ჯამში 40 სამართალდამცავია მხილებული.

"დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც 2023 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, შურისძიების მოტივით, დაზარალებულ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დამნაშავემ დაზარალებულს იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც თავის მიდამოში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება.

დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც 2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.  სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს  არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში