გენერალურმა ინსპექციამ, პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

25 ივლისი 2023, 12:45 614 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინეს და სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. კერძოდ, ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ნდობის მოპოვების მიზნით მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა შეეძლოთ და ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფდნენ, რის სანაცვლოდაც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

ბრალდებულები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 22 ივლისს, მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მოგმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავს, ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რასაც მოჰყვება მყისიერი, სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში