ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

31 ივლისი 2023, 12:54 582 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

მათივე ცნობით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განცხადების მიღება. 

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო, 28 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი – 75% -ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; გამოცდაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად რაჭაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოცდები ჩაებარებინათ ამბროლაურში ახლადგახსნილ საგამოცდო ცენტრში“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში