კაცს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

01 აგვისტო 2023, 13:09 1227 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში